რატი ბრეგაძე - სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, კანონიერი გზებით მოიპოვოს ინფორმაცია, რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და გაუზიაროს მოსახლეობას
რატი ბრეგაძე - სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, კანონიერი გზებით მოიპოვოს ინფორმაცია, რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და გაუზიაროს მოსახლეობას

ქართულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, კანონიერი გზებით მოიპოვოს ინფორმაცია, რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და ეს ინფორმაცია გაუზიაროს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დაუსვეს კითხვა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან ბევრი განმარტება გაკეთდა. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენების შესახებ და გაუზიაროს საზოგადოებას. საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს სრული უფლება, უფლებამოსილება აქვს, ლეგალური, კანონიერი გზებით ჰქონდეს მოპოვებული ინფორმაცია, თუ რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და ეს ინფორმაცია გაუზიაროს მოსახლეობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როგორც მთავრობის წევრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აღნიშნული კანონი არ გახდება ბარიერი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც ბრეგაძემ აღნიშნა:

„ვიცი, როგორ ქომაგობდით, მაგალითად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხშირად ისმებოდა კითხვები, მაგალითად, საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასე შემდეგ. ხშირად გპასუხობდით, რომ საქართველო უცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასეც მოხდა. ახლაც მინდა, იგივე გაგიმეოროთ – საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე. მჯერა, მათ შორის, თქვენთან ერთად ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.