რატი ბრეგაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაუბრუნა სიმართლე ყველა იმ მებრძოლს, რომელმაც სიცოცხლე დადო სასწორზე აგრესორთან ბრძოლისას
რატი ბრეგაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაუბრუნა სიმართლე ყველა იმ მებრძოლს, რომელმაც სიცოცხლე დადო სასწორზე აგრესორთან ბრძოლისას

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნათლად დაადასტურა, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად დადასტურდა ის, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს. ამისთვის იუსტიციის სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, გასწია ძალიან დიდი შრომა და მინდა, მივულოცო ყველას. კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენს გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის ომში, არ დაუშვიათ არცერთი შეცდომა და დაიცვეს ზედმიწევნით ყველა ის სამართლის ნორმა, რომელიც მოქმედებს ომის პერიოდში. დიდება მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ.

ჰააგამ წერტილი განცხადებებს კი არ დაუსვა, ჰააგამ წერტილი დაუსვა იმას და თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხისა და ქართველი გმირების მხარეზე. საკმაოდ მძიმე ბრძოლები გაიარა იუსტიციის სამინისტრომ ამ სიმართლის დასამტკიცებლად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში და იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ყველა სხვა კოლეგა უწყებასთან ერთად“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სიმართლე დაუბრუნა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჯანმრთელობა შესწირა და საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რომ ებრძოლა აგრესორის წინააღმდეგ.

„თქვენ იცით, მათ შორის, ოპონენტების ერთი ნაწილი რას აკეთებდა? მათ შორის, ოსური მხარის სარჩელები შეჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველი გმირის ხსოვნა ყოფილიყო უკვდავყოფილი და ყველა იმ მებრძოლის, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა და რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რომ ებრძოლა აგრესორის წინააღმდეგ, ყველა ამ ადამიანს დაუბრუნა სიმართლე. აი, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა. კარიმ ხანის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისმა დღეს გაავრცელა.