რატი ბრეგაძე - პრემიერმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება, ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს
რატი ბრეგაძე - პრემიერმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება, ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს

პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, დაასახელა არსებული პრობლემები და საზოგადოებას გააცნო მათი გადაჭრის გზები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია.

ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო“, – წერს რატი ბრეგაძე.

ამასთან, რატი ბრეგაძემ შეფასებით, „პრემიერმა კონკრეტული უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით“.

„ვფიქრობ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან ასეთ წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია.

ბატონმა ღარიბაშვილმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველა ქართველის ოცნებაა – მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს.

ჩემის მხრივ კი, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ღირსეული ლიდერობისთვის!“ – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.