რატი ბრეგაძე - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, სულ მცირე, წუხილის გამომხატველი
რატი ბრეგაძე - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, სულ მცირე, წუხილის გამომხატველი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, სულ მცირე, წუხილის გამომხატველი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.

ბრეგაძის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს არ ეთანხმება.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო. ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, სულ მცირე, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები. აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა პოლონელ ექიმებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი სრულიად არაეთიკური ქცევის გამო, მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ამავდროულად, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმარ სააკაშვილის ოჯახს კვლავ მიეცემა მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. განცხადების თანახმად, „პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.