რატი ბრეგაძე - ნებისმიერი წარმატების უკან დგანან იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული ადამიანები, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო
რატი ბრეგაძე - ნებისმიერი წარმატების უკან დგანან იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული ადამიანები, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის ფორმატში“ გამოსვლისას უწყების თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ზრუნავს სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

„ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს საქმიანობისთვის. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, თანამშრომელს დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა ან სხვა სახელმწიფო პროექტები არ ფარავს სრულად მისი მკურნალობის ხარჯს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში, იქნება სრულად დაცული იმ საფრთხეებისგან, რომლებიც შეიძლება, შეექმნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრემიერის ინიციატივით, საჯარო მოხელეებისთვის ყოველწლიურად ხელფასები იზრდება 10%-ით, რაც ძალიან ქმედითი მხარდაჭერაა ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს და მთავრობის თითოეულ წევრს იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოში აქვს თითოეულ საჯარო მოხელეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.