რატი ბრეგაძე - მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა
რატი ბრეგაძე - მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებშია, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ბრეგაძის შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოსაა ნატო-სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა.

„2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება, იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება, ვიმსჯელოთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ქვეყნის ევროპული მომავლის რეალიზებაში.

„სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები. სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და მხოლოდ ერთობით, სოლიდარობითა და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მივდივართ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.