რატი ბრეგაძე - მედიკოსებთან შეხვედრაზე სააკაშვილთან დაკავშირებით მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად შესრულდება
მედიკოსებთან შეხვედრაზე სააკაშვილთან დაკავშირებით მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად შესრულდება, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რატი ბრეგაძის თქმით, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა.
„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ამომწურავი, სანდო ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ამისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, მოგვცემს რეკომენდაციას. გაიმართა სამუშაო ჯგუფთან, მედიკოსებთან შეხვედრა. მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად იქნება შესრულებული.
რეკომენდაციებია, რომელიც შეეხება მისი სამედიცინო მდგომარეობას. მე არ ვისაუბრებ საჯაროდ ამ რეკომენდაციებზე, მაგრამ ისინი იქნება შესრულებული და მათი დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან. არ ვისაუბრებ შეგნებულად, მაგრამ, რაც იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება შესრულებული.
აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა. ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში, იქნება ისინი შესრულებული. ჩვენ ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ ექვემდებარება გასაჯაროებას, კანონმდებლობის სრული დაცვით ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.