რატი ბრეგაძე - კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას
რატი ბრეგაძე - კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას

ერთ კვირაში კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში ისაუბრა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვიდინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

„იმ პატიმრებს, რომლებიც იმყოფებიან დღეს კერძო კლინიკებში, იმისათვის, რომ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი. ვინაიდან, ის კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას. აი, ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც, მაგალითად, პატიმრებს აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბამდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი, საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.