რატი ბრეგაძე - კომპანია „ენკა“ არბიტრაჟში დავას თუ გადაწყვეტს, ეს მათი უფლებაა, თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს
რატი ბრეგაძე - კომპანია „ენკა“ არბიტრაჟში დავას თუ გადაწყვეტს, ეს მათი უფლებაა, თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

კომპანია „ენკა“ არბიტრაჟში დავას თუ გადაწყვეტს, ეს მათი უფლებაა, თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „მოუწევს თუ არა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინტერესების დაცვა საერთაშორისო არბიტრაჟში და მსგავსი საერთაშორისო დავები აზიანებს თუ არა სახელმწიფოს ინტერესებს, საინვესტიციო გარემოს“.

რატი ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება, შეწყდეს, პირობები შეიცვალოს, და ეს არის ურთიერთობა ორ ან მეტ მხარეს შორის.

„კომპანია თუ გადაწყვეტს, რომ წავიდეს და იდავოს არბიტრაჟში, ეს მათი უფლებაა და თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. თუ გადაწყდება და დაიწყება დავა, ბუნებრივია, შეგვიძლია, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. ამაზე წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ. ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება, შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ეს არის ურთიერთობა ორ და მეტ მხარეს შორის. ზოგჯერ იცვლება განწყობები, ზოგჯერ იცვლება პირობებიც. არ ვგულისხმობ ადამიანურ განწყობებს, ვგულისხმობ კონტრაქტის მიმართ განწყობებსა და მთელ რიგ სხვადასხვა საკითხს.

როდესაც იცვლება პირობები, უპირველესად, მხარეები ცდილობენ, რომ მორიგდნენ და თუ მორიგება ვერ შედგება, შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებისთვის მათ მიერ დანახული სამართლიანობის აღდგენას და იმ პირობებზე დაბრუნებას, რომელიც იქნებოდა კონტრაქტის დადებამდე. ბუნებრივია, აქ თითოეული მხარე ცდილობს, თავისთვის საუკეთესო სარგებელი მიიღოს. ამ შემთხვევაში, ერთვება ნეიტრალური არბიტრი და სწორედ ნეიტრალურ არბიტრთან თითოეული მხარე ცდილობს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და მიიღოს თავისთვის საუკეთესო გამოსავალი.

სწორედ ამისთვის არსებობს არბიტრაჟი. მოგეხსენებათ, რომ არბიტრაჟი არის ალტერნატიული დავის საშუალება და როდესაც საქმე ეხება ე.წ. ბიზნესკონტრაქტებს, მხარეები ცდილობენ, ჩართონ საერთაშორისო არბიტრაჟები. აქ სახელმწიფო გამოდის წარმომადგენლად. თუ არ ვცდები, ამ ეტაპზე არის 12 საერთაშორისო დავა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულება კაბალური რომ ყოფილიყო, მთავრობა ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო პრაქტიკას. კონტრაქტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ერთ-ერთი უკვე პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ გვაინტერესებს ეს კონტრაქტი და არ მიგვიღია დაკვეთა, რომ კონტრაქტი შეგვეწყვიტა.

რაც შეეხება პროცედურას, თუ როგორ იდება ხელშეკრულება, იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი ექსპერტიზაზე. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის გარეშე, არც ერთი კონტრაქტი არ გამოდის მთავრობაზე. რა თქმა უნდა, აქ არის იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. რაც შეეხება პრემიერის დავალებას, ეს იყო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში კონტრაქტის უფრო დეტალურად შესწავლა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, აცხადებს, რომ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა – ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია „ენკას“ განცხადებაში.