რატი ბრეგაძე - ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსების გარდა, სხდომათა დარბაზიდან გარბის, ესეც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე სახელმწიფოს მიმართ
რატი ბრეგაძე - ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსების გარდა, სხდომათა დარბაზიდან გარბის, ესეც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე სახელმწიფოს მიმართ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დროს დაზარალებული პირების საერთო ბაზა შეიქმნა, რომელთა მონაცემებიც, კომპენსაციის მიღების მიზნით, იანვარში წარედგინა სტრასბურგის სასამართლოს.

როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ჯამში, 35 000-მა დაზარალებულმა უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციისგან შესაბამისი კომპენსაცია.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რუსეთის წინაღმდეგ მოპოვებული დიდი გამარჯვებები როგორც დეპორტირებულების საქმეზე, ისე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. მინდა, კიდევ ერთხელ გაგახაროთ და დამატებით კარგი სიახლეები გამცნოთ, ჩვენ პირველად მოგვიწია 2008 წლის ომის დროს დაზარალებული პირების საერთო ბაზის შექმნა, რომელთა მონაცემებიც, კომპენსაციის მიღების მიზნით, იანვარში უკვე წარედგინა სტრასბურგის სასამართლოს. ჯამში, ეს იყო 35 000 დაზარალებული, რომელთაც უნდა მიიღონ რუსეთის ფედერაციისგან შესაბამისი კომპენსაცია. ასევე, მყარი სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები წარვადგინეთ განგრძობადი ოკუპაციის მიმდინარე დავაზე, რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებს.

მიმდინარე წელს საქართველომ საბოლოოდ მოიგო მის წინააღმდეგ რუსეთის ორკესტრირებით აგვისტოს ომის თაობაზე შეტანილი ყველა საჩივარი და, ვფიქრობ, ყოვლისმთქმელია რიცხვები. საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი იყო 3 300-მდე საჩივარი და ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა საქმე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო მართალი არის ყველა დავაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის დამსახურება. ამისთვის, ვფიქრობ, რომ მათ ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, წარმატებული იყო ჰააგის მიმართულებაც და წელს პირველად გამოიცა დაკავების ორდენი სამ პირზე, რომლებმაც 2008 წელს ომის დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

„სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. აქვე მინდა, გითხრათ, დღეისთვის განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 138 საქმე, რაც არის ისტორიული მინიმუმი და აუცილებელი არის ხოლმე შედარების გაკეთება, რათა არ დაგვავიწყდეს ისტორია.

2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 000-დან 4 000-მდე საქმე, დღეს კი არის მხოლოდ 138. აი, ეს არის ის სტატისტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. პარადოქსია, რომ ეს ხალხი დარბაზიდან გარბის, რადგან სათქმელიც კი არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი და წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსებისა. მედიას შეუძლია, აჩვენოს ცარიელი სკამები ამ ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხის, რომლებიც, სინამდვილეში, სწორედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს ცარიელი სკამებიც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე ზოგადად სახელმწიფოს მიმართ“,  – განაცხადა ბრეგაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს უსმენდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.