რატი ბრეგაძე - კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი მოშორებითაა, მასპინძელმა უნდა დაადასტუროს მიღების მზაობა, მაგრამ გასავლელი გზა გრძელია
რატი ბრეგაძე - კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი მოშორებითაა, მასპინძელმა უნდა დაადასტუროს მიღების მზაობა, მაგრამ გასავლელი გზა გრძელია

კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა – „მობრძანდით,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიგინოთ, ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია. ჩვენ დავაკაკუნეთ ამ ჭიშკარზე და დარწმუნებული ვარ, ეს კარი აუცილებლად გაიღება, თუმცა ვიდრე სახლში მივალთ, ეზოც გასავლელია და თუ რამე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, სახლის კარი არ გაგვიღოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიაზაციაზე აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების ექსპერტიზას ევროკავშირის სამართალთან მიმართებაში ატარებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო. ასევე, სამინისტრომ ჰარმონიზაციისთვის შეიმუშავა სახელმძღვანელო, შეიქმნა პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის და სწავლების დაწყება სექტემბრიდან იგეგმება. რაც მთავარია, ჩამოყალიბდა ციფრული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჰარმონიზაციის პროგრამის ერთიანი მართვა და ჰარმონიზაციის პროგრესის მუდმივი განახლება. ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რითიც დაკავებულია იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს ჰარმონიზაცია, რას ვიღებთ მათგან, რა ნარჩუნდება და რა რჩება ადგილობრივი ბუნების გასათვალისწინებლად, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, არ ხდება პირდაპირ კოპირება და გადმოტანა, ე.წ ტრანსპლანტანტი.

„აუცილებელია ხოლმე დეტალური ანალიზის ჩატარება და ეროვნული ნიადაგის შესწავლა, რამდენად მზად არის სახელმწიფო, მიიღოს ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი. რაც შეეხება ევროკავშირის სამართალს, მას აქვს სუპრანაციონალური ბუნება, რაც იმას გულისხმობს, რომ სუვერენიტეტში შეიძლება, ფაქტობრივად, სრულიად დაუკითხავად შემოვიდეს რომელიმე ახალი ინსტიტუტი და მას ჰქონდეს უშუალო მოქმედების ბუნება. ასეთი რამ უცხო არ არის ევროკავშირის სამართლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს რეგულაციები, დირექტივები, სხვა სამართლებრივი აქტები და სწორედ რეგულაციას აქვს იმგვარი ბუნება, რომ ის მოქმედებს პირდაპირ და უშუალოდ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. ეს არის სამართლის ერთიანობის ინსტიტუტი. არსებობს აგრეთვე მეორე წყარო, კერძოდ, ეს არის დირექტივა, სამართლის ე.წ. გაერთგვაროვნების ინსტიტუტი. გამოცემული დირექტივის ადრესატები არიან სახელმწიფოები და შემდგომში სწორედ სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ გარკვეული დროის პერიოდში იმპლემენტაცია, ანუ მოარგონ ეროვნულ კანონმდებლობას იმგვარად, რომ შესრულდეს დირექტივის მთავარი მიზანი. აქ სახელმწიფოს რჩება არჩევანი, რომ მიზანს მიაღწიოს მისთვის სასურველი საშუალებით, ხოლო რეგულაცია ყველასთვის, ანუ, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში თანაბრად მოქმედებს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს გაცხადებული სურვილია და ამისთვის უნდა დაკმაყოფილდეს  კოპენჰაგენის კრიტერიუმები მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„მათ შორის, ერთ-ერთი აქ არის სამართლებრივი მზაობა. სახელმწიფო უნდა იყოს მზად, რომ თავიდან ბოლომდე გადაიღოს ევროკავშირის სამართალი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ გადმოღებული იყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ევროკავშირში. აქ საუბარია ძირითადი პრინციპების დონეზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლებს სთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს, რათა მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინონ.

„ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები, რომელსაც სასწავლო ცენტრი ახორციელებს. ასევე, ჩამოვაყალიბეთ თანამშრომლობის ახალი პლატფორმა, შევქმენით სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი არიან სამართლის დარგის მეცნიერები და ჩვენ მათთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივ ტენდენციებს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში დღეს ყველა თანამშრომელს აქვს წვდომა მსოფლიოს პრაქიტიკულად ყველა სამეცნიერო სტატიასთან. ასევე, დავაფუძნეთ ჟურნალი „იუსტიცია“ და უკვე მე-4 ნომერი გამოვეცით, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეცნიერებაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების პროცესის განვითარებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.