რატი ბრეგაძე - გარკვეული პირები ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, სრული სიცრუეა, თითქოს სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება
რატი ბრეგაძე - გარკვეული პირები ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, სრული სიცრუეა, თითქოს სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ უტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მავნე ტენდენციაა, როცა ცალკეული პირები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ოჯახის წევრები გამოხატავენ აშკარა კმაყოფილებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, ყველამ დააცადოს მედიკოსებს მუშაობა, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები და თუკი იქნება ამის საჭიროება, ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა მსჯავრდებულ სააკაშვილს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია როგორც შუამდგომლობა პარლამენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

„საზღვარგარეთ გადაყვანას იუსტიციის სამინისტრო ვერ განიხილავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არის როგორც შუამდგომლობა პარლამენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, ეს იქნება განხილული მხოლოდ მას შემდეგ, რაც, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ექიმების შესაბამისი დასკვნა და როდესაც იგი იქნება გამოწერილი კლინიკიდან“, – განუცხადა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველ არხს.