რატი ბრეგაძე - ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს წვლილი
რატი ბრეგაძე - ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს წვლილი

ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. წარმატებული რესოციალიზაციის გასაღები კი, უდავოდ, განათლებაშია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების“ თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, სწორედ ამ მიზნით, მსჯავრდებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მიიღონ უმაღლესი განათლება.

ამასთან, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომლის მხრიდანაც იუსტიციის სამინისტროს მიმართ ყოველთვის იგრძნობა უწყვეტი, ძლიერი მხარდაჭერა. მხარდაჭერა ასევე გამოიხატება რიცხვებში, ვგულისხმობ ბიუჯეტს, რომელიც შემდგომში გვაძლევს შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტი რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალთან მეტად დააახლოებს. ასევე, დღევანდელ დღეს აუცილებლად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო გუსტავ ტალვინის მიმართ, რომელთანაც მაისში გვქონდა შეხვედრა. სწორედ იქ გადაწყდა ამ კონფერენციის ჩატარება. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ აშშ-ის საელჩოს მიმართ. ჩვენ ერთობლივად ვატარებთ ამ ღონისძიებას და სწორედ ასეთი ერთობლივი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელი გახდა, დღევანდელი დღე რეალობა გამხდარიყო.

ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვით შევეხო დღევანდელ თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებულ ქართულ პენიტენციურ სისტემას. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში 2012 წლიდან გატარდა. რამდენიმე სიტყვით შევჩერდები იმ საკითხებზე, რა კეთდება პენიტენციური სისტემის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. წარმატებული რესოციალიზაციის გასაღები კი, უდავოდ, განათლებაშია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ სრულიად ინოვაციური პროექტი, ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მიიღონ უმაღლესი განათლება, რაც შემდგომში მათ განვითარებას ქმედითად შეუწყობს ხელს. მინდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით მეტ უნივერსიტეტში მივცემთ მსჯავრდებულებს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული ოფიცრები არიან.

„სისტემის მთავარი საყრდენი ჩვენი ღირსეული ოფიცრები არიან, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწისა და განვითარების მიზნით, ჩვენ გადმოგვეცა ბაზა, რომელიც თბილისიდან ათი წუთის მანძილზე მდებარეობს. აქაც ხაზგასასმელია პრემიერის მხარდაჭერა. ამ ბაზაზე უკვე დასრულდა რემონტი და ზუსტად ორ დღეში კონფერენციის მონაწილეებთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, გავხსნათ ეს უნიკალური ბაზა, რომელსაც თამამად აქვს იმის პრეტენზია, რომ, მათ შორის, რეგიონში, პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთი საგანმანათლებლო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. მინდა, ყველა ამ კარგი საქმის მონაწილეს მადლობა გადავუხადო.

აქვე აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების თავმჯდომარე გახდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი, ნდობაა. დარწმუნებული ვარ, ამასაც ერთობლივი ძალებით აუცილებლად გავამართლებთ და მომავალ წელს თბილისი კვლავ გახდება პენიტენციურ სფეროში ინოვაციებზე ორიენტირებული დიდი ღონისძიების მასპინძელი. ასევე, მივიღეთ სპორტის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები და პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ეს ყველაფერი იმ ფონზე, რაზეც საუბრობდა ბატონი პრემიერი, თუ რა გვქონდა ათი წლის წინ. 2011 ან 2012 წელს, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, გვეფიქრა, რომ ციხეში 7-8 სპორტულ სახეობაში ჩატარდებოდა ფესტივალები. ალბათ ეს მხოლოდ მთვარეზე გაფრენას შეედრებოდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი რეალობაა და ამას, პრაქტიკულად, კვარტალში ერთხელ ვხედავთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.