რატი ბრეგაძე - ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ
რატი ბრეგაძე - ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ

იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა და მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და პატიმრებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის, ასევე, მათი რესოციალიზაციის ქმედითი კომპონენტი. მოგეხსნებათ, მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს ციხის ტერიტორიას, მას ექნება სრული შესაძლებლობა, ზუსტად ისევე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, როგორც ციხის გარეთ მყოფმა სხვა ადამიანმა. ეს არის სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გახსნის დღიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე იუსტიციის სახლები 500-მდე მომხმარებელს მოემსახურა.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.