რატი ბრეგაძე - ამ წუთისთვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია
რატი ბრეგაძე - ამ წუთისთვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია

ამ წუთისთვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, – იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულის/ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზები მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ამაზე პროგნოზები უნდა გააკეთონ ექიმებმა და პროფესიონალებმა, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ რომ მან მიატოვა მკურნალობა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში. კონსილიუმის ბოლო დასკვნების საფუძველზე, ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად არის დაცული; მას მიეწოდება ინფორმაცია შიმშილობის მავნე შედეგების შესახებ და სისტემატურად ხდება მისთვის საკვების შეთავაზება.

„თუ საჭირო გახდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამ მიზნით მორიგეობს რეანიმობილი; ასევე, შენობაში მუდმივად მორიგეობენ რეანიმობილის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში. მიტანილია შესაბამისი აპარატურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ პირველადი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის ეს დახმარება აღმოჩენლი იქნება ადგილზე.

„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს იმისათვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.