რატი ბრეგაძე - 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან
რატი ბრეგაძე - 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან

2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, პატიმართა პირობები დღეს ბევრად გაუმჯობესებულია.

პენიტენციურ სისტემაში თანაშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც 2011 წელს არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა და ეს აღიარებული გახლდათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან.

ასევე, პატიმართა პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად გაიხსნება შემდგომი წლის დასაწყისში ახალი პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც პასუხობს ყველა დონის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, დაინერგა რიგის დაჯავშნის ახალი ფუნქცია და, მაგალითად, N8 დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულები, ბრალდებულები და ადვოკატები უკვე სარგებლობენ ამ შესაძლებლობით.

პირველად გაიმართა N16 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი შვიდ სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ, თუკი 2012 წლამდე იმართებოდა წამების ფესტივალები, სადაც ერთობოდნენ მართლაც რომ ჯალათები, დღეს იმართება სპორტის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.