18 წლის კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი საქართველოში ბრუნდება. ბოლოს ახალგაზრდა გამთამაშებელი ბერძნულ „იონიკოსში“ ირიცხებოდა. საქართველოს სუპერლიგაში კი რატი „რუსთავის“ ღირსებას დაიცავს. ანდრონიკაშვილმა ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალზე ანდრონიკაშვილის ახალი გუნდი „მგზავრებს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს იოლად, ანგარიშით 87:70 სძლია. რატიმ მოედანზე 26,14 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ცხრა ქულა, ოთხი მოხსნა, ექვსი გადაცემა და რვა ჩაჭრა დააგროვა.
ანდრონიკაშვილმა ხუთიდან სამი ორქულიანი და ექვსიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, რუსთავმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი ქართველი გამთამაშებელი საბერძნეთში წასვლამდე ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში თამაშობდა, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით კი მას ეროვნულ ნაკრებში უკვე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული.