რასა იუკნევიჩიენე - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ, შესაძლოა, მათ რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, რაც არასტაბილურობას მოუტანთ, ამას ელოდება კრემლი
რასა იუკნევიჩიენე - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ, შესაძლოა, მათ რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, რაც არასტაბილურობას მოუტანთ, ამას ელოდება კრემლი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.​ ევროპარლამენტარის თქმით, გაფართოების პოლიტიკა არა მხოლოდ წევრობის მსურველ ქვეყნებზე, არამედ ევროკავშირზეც არის დამოკიდებული.

„მოდით, ვისაუბრებ ჩვენზე, რადგან ვფიქრობ, რეალური პერსპექტივის გარეშე სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება და ჩვენ მივიღებთ უფრო და უფრო მეტ პრობლემას ამ ქვეყნებში, რადგან პირველ რიგში ჩვენს თავს უნდა შევხედოთ. ეს პირველ რიგში, ჩვენივე უსაფრთხოებას ეხება. ჩვენს ინტერესშია, რომ გვქონდეს უფრო უსაფრთხო გარემო და შევაჩეროთ რუსეთი, რომ შევამციროთ მისი გავლენის არეალი.

დიახ, გაფართოების პოლიტიკას თავისი ფასი აქვს, ბევრი ქვეყანა ცოტათი შეწუხებულია გაფართოებით, მაგრამ ასევე გაფართოებული და უსაფრთხო არეალიც უფრო მეტი ღირს და ჩვენ ამას ახლა ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე ვხედავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უფრო და უფრო მეტ პრობლემას შევხვდებით უახლოეს მომავალში. ევროკავშირის პოლიტიკას განახლება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციიდან თავის დასაღწევად. ეს სტაგნაცია მოდის ევროკავშირის მოუმზადებლობისგან, რომ მიიღოს ახალი წევრები და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ამ ქვეყნების ევროპული რეფორმებზე.

აღარ არის საკმარისი ამ ქვეყნებისთვის იმის თქმა, რომ „განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ჩვენ ვნახავთ“. წევრობის პერსპექტივაში ევროკავშირის მხრიდან სიცხადის ნაკლებობა ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება. დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს.

სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის , მისი შემობრუნება რთული იქნება. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, –  განაცხადა ევროპარლამენტარმა.