რასა იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ერთ წელიწადში უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი
რასა იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ერთ წელიწადში უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი

ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, თინა ბოკუჩავას, ნიკა გვარამიასა და რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა.

„ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების  ხელახლა ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, გულდასმით დაკვირვების შედეგად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი, რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე რეაქციას, თუმცა ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომლის წინაშეც ვართ ამ აქვეყანაში, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც ინიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ამავდროულად, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციების საკითხზე.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომლებიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. მაგრამ ამჯერად ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომელიც პასუხისმგებელია ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერზე, კახა კალაძეზე, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, პარლამენტის სპიკერზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ამასთან, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, მისი სურვილია, ოპოზიცია გაერთიანდეს და იყოს კიდევ უფრო ძლიერი.

„აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების პროცესი ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. სავარაუდოდ, 2030 წელს ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე წარმატებით დავასრულებთ. შესაბამისად, საქართველოსთვის არც ისე დიდი დროა დარჩენილი. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.

ჩემი სურვილია, ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო გაერთიანებული. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება, დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ეს არის ყველა თქვენგანის, ყველა ქართველის პასუხისმგებლობა, რადგან ვერავინ იქნება უფრო მეტად ქართველი, ვიდრე თავად ქართველები“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.