რას ითვალისწინებს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები
რას ითვალისწინებს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები კონკრეტდება და ქართულ კანონმდებლობას ისეთი ტერმინები ემატება, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება”.

აღნიშნული ტერმინები – „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრება, რომლის ინიცირებაც პირველი არხის ინფორმაციით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ შემოთავაზებული პროექტი შემუშავებულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.

ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს” ცნება დანაშაულებრივი შეთანხმების მოდელზე დაყრდნობით ყალიბდება და კანონპროექტში განმარტებულია, რომ „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობაა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

„პირთა შეთანხმება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე საკმარისია, რათა პირთა ერთობა მიჩნეული იქნეს „ქურდულ სამყაროდ” და კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა აუცილებელი არ არის. საკმარისია პირთა შეთანხმებული დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა მომავალში „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისათვის. მსგავსი მიდგომაა სსკ-ში ბანდიტიზმისა და ტერორიზმის შემთხვევაშიც”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, პროექტით კანონს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განმარტება ემატება და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაა – „ქურდული სამყაროს” წევრის ან „კანონიერი ქურდის” მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია – დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს” წევრისთვის,„კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან გავლენის მოპოვება.

„პროექტით, აღნიშნულ მუხლში სანიმუშო ჩამონათვალის სახით არსებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები განივრცო და „ქურდული შეკრების/გარჩევისა“ და კრიმინალური გავლენის გამოყენებით ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობაც დაემატა. ამასთან, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები ამომწურავი აღარ არის. პროექტის ჩანაწერი „და სხვა უკანონო ქმედებით“ გულისხმობს, ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, რომელიც „ქურდული სამყაროს“ მიზნების მიღწევას ემსახურება.

კანონის მოქმედი რედაქციით, „ქურდული სამყაროს“ მიზნად განსაზღვრულია სარგებლის მიღება, რაც რეალურად ავიწროებს ამ ნორმის გამოყენების ფარგლებს. რიგ შემთხვევებში, „ქურდული სამყარო“ სამართლიანობისა და სხვა კეთილშობილური იდეების სახელით მოქმედებს. შესაბამისად, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზანთან ერთად, კანონმდებლობას ძალაუფლების, გავლენის მოპოვების მიზანი ემატება”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტებაც არსებითად იცვლება. კერძოდ, ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს“ წევრია პირი, რომელიც „ქურდულ სამყაროს“ აღიარებს, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. ასევე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ მზადყოფნას გამოხატავს.

„შემოთავაზებულმა ნორმამ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯად ქმედებად აღიარა პასიური წევრობაც, რაც „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა და დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფციიდან გამომდინარეობს”, – აღნიშნავენ ავტორები.

ინიციატივაში განმარტებულია, რომ აქტიური წევრობა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას, მისი საქმიანობის,აქტივობების განხორციელების გარეშე.

„პასიური წევრობა ეს არის – პირის მზადყოფნა დანაშაულის ჩადენაზე, პირის ნების დეკლარირება, რომ მომავალში დანაშაულს ჩაიდენს. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. „ქურდული სამყაროში“ შესვლა უკვე საშიში ქმედებაა და მომავალი პოტენციური დანაშაულების ჩადენის წინაპირობას წარმოადგენს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასჯადი ხდება არა სოციალური სტატუსი, არამედ „ქურდული სამყაროსადმი“ (დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი) კუთვნილება. პირის „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება, პასიური წევრობა სახეზეა, როდესაც არსებობს პირსა და „ქურდულ სამყაროს“ შორის ორმხრივი კავშირი.

„ქურდული სამყაროს“ წევრობა დენადი დანაშაული გახდა და აღნიშნული ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე უწყვეტად ხორციელდება. დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც მოითხოვს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით განმარტებულია „კანონიერი ქურდის“ ტერმინიც და ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.

„ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ „კანონიერ ქურდს“ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებასთან ერთად ასევე მოეთხოვება დააკმაყოფილოს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმები (მაგალითად, დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობის მიღება). ეს მიდგომა ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ეფექტიანი დევნის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. თუ ორგანიზებული დანაშაულის მეთაურების დასჯადობა მათ მიერ დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობას დაემყარა, ეს მათ სისხლისსამართლებრივ დევნას შეუძლებელს გახდის.

„კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ რა დანაშაულებრივი სამყაროს „ელიტას“, როგორც წესი, დანაშაულების აღსრულებაში უშუალოდ არ მონაწილეობენ. ისინი საკუთარი გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენებით, პირთა მართვასა და კრიმინალური საქმიანობის წარმართვას ახერხებენ. პროექტის მიხედვით, „კანონიერი ქურდის“ განმარტებიდან ამოღებული იქნა – „ქურდული სამყაროს“ წევრობის მოთხოვნა, ასევე ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერიც, როგორიცაა „ქურდული სამყაროს სპეციალური წესები“.

აღნიშნული ჩანაწერი განჭვრეტადობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც ეს დროში ცვალებადი, დაუწერელი წესებია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტებაც შეიცვალა. კერძოდ, პროექტის თანახმად, „ქურდული გარჩევა“ არის – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

„კანონის მოქმედი რედაქციით „ქურდული გარჩევა“ „ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტაა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება“. თუმცა, პრაქტიკაში „ქურდულ გარჩევას“ შეიძლება არ ახლდეს მუქარა, იძულება ან დაშინება, რაც ავიწროებდა ნორმის გამოყენების ფარგლებს. ცვლილებებით შემოტანილი ახალი განმარტება შესაძლებლობას იძლევა „ქურდულ გარჩევად“ დაკვალიფიცირდეს არა მხოლოდ დავის გადაწყვეტა, არამედ პირის ქმედების შეფასებაც. ასევე, დავის განხილვა აუცილებელი არაა წარიმართოს ორ ან მეტ პირს შორის. შესაძლებელია „ქურდული სამყაროს“ წევრმა განიხილოს მასსა და სხვა ნებისმიერ პირს შორის წარმოშობილი დავა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია „ქურდული შეკრების“ ცნების შემოტანაც. კერძოდ, „ქურდულ შეკრებად“ ჩაითვლება – ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების, წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური,მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის,გადაწყვეტის მიზნით.

„შემოთავაზებული მუხლი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა.

ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადი ხდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური,მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა,გადაწყვეტა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.