„რანდერსის“ სპორტული დირექტორი - გვსურს, რომ ლობჟანიძის ტრანსფერიდან თანხა შემოგვივიდეს
„რანდერსის“ სპორტული დირექტორი - გვსურს, რომ ლობჟანიძის ტრანსფერიდან თანხა შემოგვივიდეს

დანიური კლუბი „რადერსის“ ხელმძღვანელობა აღარ მალავს, რომ ქართველი ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის გასხვისება სურს, მაგრამ ამას დღემდე ვერ ახერხებს.

ამის შესახებ გამოცემა „ტიპსბლადეტ“ (tipsbladet) წერს, რომელმაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ მორიგი წერილი გამოაქვეყნა.

„სატრანსფერო „ფანჯარა“ რამდენიმე თვის განმავლობაში გახსნილი იყო, ამიტომ „რანდერსს“ საკმარისი დრო ჰქონდა, რათა საბა ლობჟანიძე სხვა გუნდში გაეშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „ბრონდბიუს“ ეფლირტავებოდა, მაგრამ ის კვლავ „რანდერსში“ რჩება, სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე კი ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ამის მიუხედავად, ფლანგის მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებით, გუნდის პოზიცია უცვლელია. გუნდში კვლავ ელიან, რომ საბა ლობჟანიძე მალე ახალ კლუბში ჩაირიცხება და მისი ტრანსფერით ბიუჯეტს შეივსებენ“, – წერს გამოცემა.

„ტიპსბლადეტ“-მა ამასთან დაკავშირებით კომენტარი „რანდერსის“ სპორტულ დირექტორს, სორენ პედერსენს ჩამოართვა.

„ჩვენი სტრატეგიის ნაწილი მოთამაშეების გაყიდვაა და იმედი მაქვს, რომ ამ სატრანსფერო „ფანჯარაში“ საბას უფლებასაც გავყიდით. მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული არიან და ჩვენც გვსურს, რომ ტრანსფერებიდან თანხა შემოგვივიდეს“, – ამბობს „რანდერსის“ სპორტული დირექტორი.

სორენ პედერსენმა გამოცემასთან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ ზაფხულს საბა ლობჯანიძე სხვა კლუბში არ გადავა, უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებენ, რათა მერე სატრანსფერო უფლება სარფიანად გაყიდონ. თუმცა, საქართველოს პირველი არხის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი დანიელთა ამ წინადადებაზე უარს ამბობს. შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე დანიაში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა.