რამოსმა აღიარა, რომ „აიაქსთან“ შეგნებულად მიიღო გაფრთხილება
რამოსმა აღიარა, რომ „აიაქსთან“ შეგნებულად მიიღო გაფრთხილება

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ სპეციალურად მიიღო ყვითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „აიაქსის“ წინააღმდეგ, რათა თავიდან აეცილებინა დისკვალიფიკაცია ტურნირის მომდევნო სტადიებში.

ესპანელმა მცველმა 89-ე წუთზე დაარღვია წესი კასპერ დოლბერგის წინააღმდეგ, რისთვისაც მიიღო გაფრთხილება. ახლა ის გამოტოვებს შეხვედრას მადრიდში.

„საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ვიცრუებ, თუ ვიტყვი, რომ არ ყოფილა ჩემი მხრიდან გაფრთხილების მიღების ფორსირება. არ ღირს მეტოქის შეუფასებლობა და იმაზე ფიქრი, რომ სერია დასრულდა, მაგრამ ფეხბურთში საჭიროა რთული გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ რამოსმა.

თუმცა, შემდეგ მცველმა, რომელიც „რეალის“ რიგებში მე-600 შეხვედრას ატარებდა, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ამ დისკვალიფიკაციამ ძალიან დაამწუხრა – „ხაზი მინდა გავუსვა, რომ დისკვალიფიკაცია ყველაზე მეტად მანაღვლებს, ვიდრე სხვა რამ. სპეციალურად არ წავსულვარ ყვითელ ბარათზე, ისევე, როგორც „რომასთან“ მატჩში. ახლა „რეალს“ ტრიბუნიდან ვუქომაგებ და ვიმედოვნებ გუნდის მეოთხედფინალში გასვლას“.

„უეფას“ წესების თანახმად, მსგავსი მოქმედება ისჯება ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით. ადრე რამოსს უკვე მიუღია მსგავსი განზრახვით გაფრთხილებები, რათა მონაწილეობა არ მიეღო მატჩებში, რომლებსაც სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„აიაქსსა“ და „რეალს“ შორის პირველი მატჩი ანგარიშით 2:1 დასრულდა, მადრიდელთა სასარგებლოდ. განმეორებითი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 5 მარტს გაიმართება.