რამოშის ჰეთ-თრიკი და გოლების წვიმა შვეიცარიის კარში - პორტუგალია მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
რამოშის ჰეთ-თრიკი და გოლების წვიმა შვეიცარიის კარში - პორტუგალია მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მერვედფინალური შეხვედრა პორტუგალიამ და შვეიცარიამ გამართეს. მეოთხედფინალური წყვილები უკვე დაკომპლექტდა და სენსაციის ავტორის, მაროკოს ეროვნული გუნდის მეტოქე სწორედ დღეს უნდა გარკვეულიყო.

 

 

პორტუგალია-შვეიცარიის თამაშში ცალსახა ფავორიტის გამოყოფა  ძნელი იყო, მაგრამ რონალდოს გუნდმა მატჩის პირველივე ტაიმში დაამტკიცა, რომ მოდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანო რონალდო მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებას სათადარიგოთა სკამზე შეხვდა, რადგან მთავარ მწვრთნელთან წინა მატჩის დროს უთანხმოება მოუვიდა.

პორტუგალიის ნაკრებმა პირველსავე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა, რაც გოლებშიც აისახა. მე-17 წუთზე რამოშმა ჟოაო ფელიქსის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მალევე, 33-ე წუთზე პორტუგალიელებმა მეორე გოლი გაიტანეს – თავი პეპემ გამოიჩინა და საკუთარი გუნდი კომფორტული ანგარიშით დააწინაურა – 2:0. აღსანიშნავია, რომ პეპემ ამ გოლით ორი რეკორდი დაამყარა – ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პლეი-ოფში ბურთი გაიტანა, მიმდინარე მუნდიალზე კი ყველაზე ხანდაზმულია, ვინც გოლის ავტორი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ, მატჩის მეორე ნახევარიც პორტუგალიელების შეტევებითა და დომინაციით წარიმართა. 51-ე წუთზე – რამოშმა, ხოლო 55-ე წუთზე გერეირომ ზუსტი დარტყმებით შვეიცარიელებს ყველა იმედი გადაუწურეს – 4:0 პორტუგალიის სასარგებლოდ. თუმცა, შვეიცარიელები უგულოდ დანებებას არ აპირებდნენ და ფაქტობრივად განწირული თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ. 58-ე წუთზე მანუელ აკანჯიმ პორტუგალიელთა კარის აღება მოახერხა და პრესტიჟის გოლი გაიტანა – 4:1. ეს იყო მიმდინარე მუნდიალზე დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში ყველაზე უხვგოლიანი პერიოდი – 7 წუთის განმავლობაში გუნდებმა სამი ბურთი გაიტანეს.

თუმცა, შვეიცარიის ნაკრების ბედი გადაწყვეტილი იყო. ყოველმხრივი უპირატესობის მიუხედავად, პორტუგალიელები კვლავ პირველ ნომრად თამაშობდნენ და მეტოქეს სახიფათოდ უტევდნენ. ერთ-ერთი შეტევა რამოშმა ისევ გოლად აქცია და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.

პორტუგალიის ტრიუმფს მოედანზე რონალდოს გამოჩენაღა აკლდა, რომელიც თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. პორტუგალიელები ცდილობდნენ, რომ გოლი მათი გუნდის ლიდერსაც გაეტანა, მაგრამ თავი ახალგაზრდა ლეაომ გამოიჩინა, რომელმაც შვეიცარიელების კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო – 6:1 პორტუგალიის სასარგებლოდ. ეს ანგარიში აღარ შეცვლილა და პორტუგალია მეოთხედფინალში გუშინდელი სენსაციის ავტორს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

1/8 ფინალი
03.12.2022 19:00 ნიდერლანდები – აშშ 3:1
03.12.2022 23:00 არგენტინა – ავსტრალია 2:1
04.12.2022 19:00 საფრანგეთი – პოლონეთი 3:1
04.12.2022 23:00 ინგლისი – სენეგალი 3:0
05.12.2022 19:00 იაპონია – ხორვატია 1:1, პენ 1:3
05.12.2022 23:00 ბრაზილია – სამხრეთ კორეა 4:1
06.12.2022 19:00 მაროკო – ესპანეთი 0:0, პენ. 3:0
06.12.2022 23:00 პორტუგალია – შვეიცარია 6:1

 

1/4 ფინალი
09.12.2022 19:00 ხორვატია – ბრაზილია :
09.12.2022 23:00 ნიდერლანდები – არგენტინა :
10.12.2022 19:00 მარიკო – პორტუგალია :
10.12.2022 23:00 საფრანგეთი – ინგლისი :

 

1/2 ფინალი
13.12.2022 23:00 E1-F2/G1-H2 – A1-B2/C1-D2 :
14.12.2022 23:00 F1-E2/H1-G2 – D1-C2/B1-A2 :

 

მატჩი მესამე ადგილისათვის
17.12.2022 19:00 :
ფინალი
18.12.2022 19:00 :