მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი ახადებს, რომ სამეფო კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ერთ ადამიანს განიხილავს და ეს არის ჟოზე მოურინიო. სანტიაგო სოლარი, გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო პრინციპულ მეტოქე ბარსელონასთან, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი დიდი ანგარიშით დათმო აიაქსთან. აღსანიშნავია, რომ სამივე ეს მატჩი რეალის საშინაო არენაზე გაიმართა.
„ფლორენტინო პერესს ახლა გულშემატკივრების დამშვიდება სჭირდება და საამისოდ ჟოზე მოურინიოს მოყვანაზე ფიქრობს – ერთადერთ მწვრთნელზე, რომელსაც ის პატივს სცემს. პორტუგალიელს უკვე დაურეკეს კიდეც“, – აცხადებს რამონ კალდერონი.
მოურინიო, რომელმაც მადრიდული კლუბი 2013 წელს დატოვა, რეალის გულშემატკივრებს შორისაც პოპულარობით სარგებლობს. სამშაბათს, აიაქსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე, ტრიბუნებიდან სწორედ პორტუგალიელის გვარის სკანდირება ისმოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეში რეალმა ბარსელონასთან 0-3 და 0-1 წააგო, რასაც აიაქსთან 1-4 მარცხიც დაემატა.