რამილია ალიევა - ერთი ადამიანის დაცვა მეორე ადამიანის უფლების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს
რამილია ალიევა - ერთი ადამიანის დაცვა მეორე ადამიანის უფლების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, გენდერის მიუხედავად, მაგრამ უზენაესი ისაა, ერთი ადამიანის დაცვა მეორე ადამიანის უფლების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა ასეთი გამოწვევების საპასუხოდ მკაფიო სტანდარტების არსებობა, რათა ერთი მხრივ, დაცული იყოს ქალის უფლებები და მეორე მხრივ, დაზღვეულები ვიყოთ შანტაჟისგან, რამილია ალიევამ თქვა, რომ აუცილებელია, ყველანაირი ძალადობის მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე გამოვიჩინოთ, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია, ადამიანები ტყუილისგან და შანტაჟისგან დავიცვათ.

„ერთი ადამიანის უფლების დაცვა მეორე ადამიანის უფლების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანის უფლებების დაცვა ბეწვის ხიდია, სადაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზვიად დევდარიანი და მისი ოჯახი ამ ამბების მსხვერპლია. საზოგადოების განვითარებაში მედიის როლი ძალიან დიდია, მაგრამ არ შეიძლება, საზოგადოებამ ისეთი სივრცე შევქმნათ, სადაც ერთ ადამიანს, ან მის უკან მდგომ ადამიანებს ვავნებთ“, – განაცხადა ალიევამ.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოება განვითარების ეტაპს გადის, ფორმირდება და ზვიად დევდარიანის ქეისი ასეთი ტიპის ურთიერთობებში სიახლეების შემოტანის ერთ-ერთი საწყისი მაგალითი იქნება.

„დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქალების მიმართ ზვიად დევდარიანის დამოკიდებულების შესახებ იცოდა და ამაზე დუმდა, რაც ძალიან ცუდი ფაქტორია. ამით ისინი იმ ქალების უფლებებს ლახავდნენ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ამ სკანდალმა ნათლად დაგვანახა, რომ სექტორი, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, რაღაც ნაწილში იგივე ადამიანების უფლებების შემლახავი გახდა. თუმცა, ამაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ეს ფაქტებით დამტკიცდება“, – განაცხადა ალიევამ.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, სწორი პოზიცია არ არის, როდესაც ქალების შევიწროების ფაქტებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ეს შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობის გამო ხდება.

„ასეთი ფაქტები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და ქალები ძალადობის მსხვერპლი იქაც ხდებიან, სადაც ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებულია. კანონი ბერკეტია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ერთ დღეს ყველა ერთ აზრზე იქნება. საზოგადოება ჭრელია და ყველა ადამიანს თავისი აზრი, თავისი სიმართლე აქვს. უბრალოდ, მედიამ, სამოქალაქო სექტორმა და საკანონმდებლო ორგანომ უნდა სცადოს და მოაგვაროს ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები, რაც საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის“, – განაცხადა რამილია ალიევამ.