რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
ფრაქცია „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა, არ დაემორჩილა.
პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. მინისტრი წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ნაწამები პატიმრის შესახებ განჩინებას კითხულობდა, რა დროსაც დეპუტატმა მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, რომ ადგილიდან მიკროფონის გარეშე საუბრისგან თავი შეეკავებინა.
„ქალბატონო სალომე, გაფრთხილებთ, ადგილიდან მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. არსებობს რეგლამენტი და ყველამ პატივი უნდა სცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარბაზს დაგატოვებინებთ“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს.
სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და დეპუტატს მანდატურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
ამასთან, პარლამენტის დარბაზიდან გასვლის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რატი ბრეგაძემ მის კითხვებს არ უპასუხა, რადგან მას პასუხები არ აქვს.
„საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს როგორც ჩემს შეკითხვას, ასევე ე.წ. იუსტიციის მინისტრის პასუხს. გარდა იმისა, რომ, ჩემი აზრით, კრიმინალია, რომელმაც პატიმრის უფლებები დაარღვია, სააკაშვილი საჭიროებს რაღაც ტიპის სამედიცინო დახმარებას. ჩემი შეკითხვა იყო, რა არის მისი გეგმა, რათა სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მინისტრმა დაიწყო კითხვა რომელიღაც საქმიდან ამონარიდების, რაც ადამიანის წამებას შეეხება, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცა ორი კითხვისთვის – საერთაშორისო ექსპერტიზის მოწვევას თუ აპირებს, რომ ჩვენ მოვისმინოთ პასუხი, სააკაშვილი მოწამლა თუ არა. მისი შესაძლო მონაწილეობით მოწამლეს თუ არა და როგორ აპირებს სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ამაზე პასუხი არ აქვს, რადგან სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის თანამონაწილეა. ვერ გავიგე, რა პასუხი იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან იმაზე საუბარი, წინა ხელისუფლების დროს რა დანაშაული მოხდა. აზრი არ აქვს ამ ხალხთან საუბარს, რა გამოსავალი შეიძლება, იყოს მოძებნილი. რატი ბრეგაძე აუცილებლად წარდგება სასმართლოს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილეობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.