რამაზ სვანაძემ ახალგაზრდული ნაკრების კონტინგენტზე ილაპარაკა - მათ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რწმენა და ურთიერთპატივისცემა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ ახალგაზრდული ნაკრების კონტინგენტზე ილაპარაკა - მათ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რწმენა და ურთიერთპატივისცემა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საქართველოს პირველ არხთან ევრო 2023-ისთვის მზადებაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც გუნდმა რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში მასპინძელ თანატოლებთან 1:1 ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

„რუმინეთის ნაკრები კარგი გუნდია, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ბოლო წლებში კარგი შედეგები აქვთ ახალგაზრდულ დონეზე, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდა. მასთან თამაშის შეფასება ორ ნაწილად უნდა გავყო. პირველი ეს არის თამაშის ხარისხი, მზადების პროცესში დამუშავებული მიმართულებები, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ამა თუ იმ სიტუაციაში და მენტალური მზადყოფნა. ეს ყველაფერი ნათლად ჩანდა მინდორზე და ეს ფაქტი მახარებს. მეორეა კონკრეტული შედეგი – მივიჩნევ, რომ რუმინეთთან თამაშის შინაარსიდან გამომდინარე უნდა მოგვეგო. დამამთავრებელ ფაზაში შეცდომები გვქონდა და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ საქართველოს პირველ არხთან.

რუმინეთთან საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა – იყო მოძრაობა, ბევრს მუშაობდნენ, მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადადიოდნენ და ბურთის ერთი შეხებით აგორებდნენ. მთავარი მწვრთნელის თქმით, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს:

„სწორედ ესაა გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ჯერ დასაწყისში ვართ, სამუშაო და დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს. რა თქმა უნდა, იოლი არაფერია, მაგრამ დიდი შრომით, ერთსულოვნებით და სამართლიანობით მიღწევადია. ვიცით, რისთვის ვემზადებით და რა დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება. ამიტომ ვცდილობთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ“.

რამაზ სვანაძემ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების კონტინგენტზეც ილაპარაკა:

„ძალიან კარგი კონტინგენტია. ყველაზე მთავარი რაც შემიძლია გამოვყო არის ის, რომ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რწმენა და ურთიერთ პატივისცემა. მათ აქვთ ყველა პირობა, რომ დიდ ფეხბურთში თავისი სიტყვა თქვან. რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ მათ ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებენ“.