რამაზ სვანაძე - თურქეთთან პირველი ტაიმი იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ ჩაგვიტარებია #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგებასა (1:0) და სექტემბრის მატჩებზე. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა, რომ გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
„პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.
ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. რიგ პოზიციებს აუცილებლად გადავხედავ და შესაბამისად დასკვნებს გამოვიტან. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ – 2 მატჩი წავაგეთ. მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს!“, – ამბობს რამაზ სვანაძე.