მარცხი თურქეთთან - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
მარცხი თურქეთთან - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სტამბოლში „რეჯეფ თაიფ ერდოღან -არენაზე“ თურქეთის ახალგაზრდულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. თუმცა, მათ დაწინაურებაში თურქი არბიტრი დაეხმარა, რომელმაც მე-40 წუთზე საბა საზონოვს საჯარიმოში შემტევის შეჩერებისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა და პენალტი დანიშნა, რომელიც ომერ ბეიაზიმ გოლად აქცია.

მეორე ტაიმი ქართველმა ახალგაზრდებმა აქტიურად დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს. მსაჯმა თვალი ვეღარ დახუჭა მასპინძელთა უხეშობაზე და 66-ე წუთზე ლუკა გაგნიძის განზრახ მოცელვისთვის ქაზიმჯან ქარათაშს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. თუმცა, ამით საქართველოს ნაკრებმა ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა გუნდი ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის რანგში იქნება. ტურნირს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.