რამაზ სვანაძე - ნიდერლანდებთან თამაში შანსია იმ ბიჭებისთვის, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხვალ „ბათუმი არენაზე“ ნიდერლანდებთან გასამართ შეხვედრამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიას შეხვდა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებმა 6-6 ქულა დააგროვეს და ჯგუფის ლიდერები არიან.
„ვფიქრობ, რომ გუნდში განწყობა ძალიან კარგია, პოზიტიურია და ვეცდებით, რომ ხვალ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. ამ თამაშებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც შანსს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში – ეს მათთვის და ასევე ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.
ვიცი ჩემი გუნდის ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ვინც მინდორზე გამოვა, ვინც თადარიგში იქნება ან საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდება – მიზანი ყველას მხოლოდ ერთი ექნება, რომ რაც შეიძლება დადებითად და წარმატებულად დავამთავროთ ხვალინდელი შეხვედრა“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს და ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.