რამაზ საყვარელიძე - ტრამპს სურს, ევროპა გადააქციოს დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობად და არა ევროკავშირის ჯარისკაცებად, ეს ეხება ნატო-საც და შეიძლება, ნატო-ს ლიკვიდაცია დადგეს დღის წესრიგში
რამაზ საყვარელიძე - ტრამპს სურს, ევროპა გადააქციოს დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობად და არა ევროკავშირის ჯარისკაცებად, ეს ეხება ნატო-საც და შეიძლება, ნატო-ს ლიკვიდაცია დადგეს დღის წესრიგში

ჩვენთან ზოგიერთების მიერ ტრამპის მხრიდან ნატო-ს კრიტიკა ფასდება, როგორც რუსული სცენარი და ევროპის კრიტიკა – იგივე რუსული სცენარი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რუსეთს რომ არ ეკარება და ისე ლაპარაკობს ამ ევროპულ სტრუქტურებზე, ესეც პუტინის დაკვეთააო. ტრამპს კი არა, ბაიდენსაც, ვიდრე ლაპარაკი შეეძლო, არ უნდოდა, რომ ჩინეთი გადმოსულიყო კონტინენტის აქეთ, დასავლეთ მხარეზე, თორემ იმას ვეღარაფერი შეაჩერებსო. რუსეთი არ უნდა დავანგრიოთო, ბაიდენი იძახდა. ბაიდენს ვიღებ, როგორც ეტალონს აზროვნების გარკვეული ტიპის, ახლა ტრამპი გაცილებით მაღალი დონის ფიგურაა და თან იკითხება იქ ვენსის და ვიღაცების აზრი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ქება არსად არ არის და პირიქით, მტრად მოიხსენიება, ჩინეთი კიდევ უარესი პრობლემაა აშშ-ისთვის. ჩინეთს იარაღიც აქვს და ეკონომიკაც, ამ რუსეთს კი მარტო იარაღი აქვს და უკავია დიდი სივრცე. ასე რომ, ტრამპის პოლიტიკა, რომ რუსეთს არ მიეკაროს და არ დაიწყოს რუსეთის ჯაყჯაყი, ამერიკული ინტერესის თვალსაზრისით ლოგიკურია. ამერიკული კი არა, ევროპული ინტერესის თვალსაზრისითაა ლოგიკური. ევროპელებს არ აქვთ იმის უნარი, რომ თავიანთი პოლიტიკური ინტერესით იმოქმედონ, თორემ ერთი დღის ინტერესი და ჯიბე კი აწუხებთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება იმ ტიპის მოვლენებს, რატომ წამოიჭრა ნატო-ს თემა და ასე შემდეგ, აქ რეალურად დგას გლობალისტების თემა.

„იქ, ამერიკელებთან ამას დემოკრატების პრობლემა გადაერქვა, ულტრალიბერალებს ვიყენებ ტერმინად, მაგრამ, რეალურად, აქ ერთი დიდი სივრცე არის შევსებული, გლობალური ბიზნესი და გლობალური კონცეფცია. ეს ულტრალიბერალიზმი ხომ გლობალური კონცეფციაა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ნუმერაცია მშობლების, ყველა უნდა იყოს კორექტული და ასე შემდეგ? ეს ხომ არ არის მხოლოდ ევროპისთვის შეთავაზება, მთელ მსოფლიოს სთავაზობენ ამას. ასე რომ, პოლიტიკაც გლობალიზაციისკენ მიდის. კი, ქრისტიანობას გლობალურობის მეტი შანსი აქვს, მაგრამ ქრისტიანული რელიგია იმიტომ არ აწყობთ, რომ გლობალიზაცია გულისხმობს ყველაფერ ტრადიციულის დარღვევას, რელიგიის, კულტურის, მშობლის. ასე რომ, ამ ტიპის იდეოლოგიების ჯახი გვაქვს, როცა გლობალიზაციაა და მეორე მხარეს კონსერვატიზმზე ვსაუბრობთ. ანუ, ამ იდეოლოგიის ევროპა არ უნდათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს ევროპის ტრაექტორია, რომ ტრამპის მოსაწონი გახდეს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს არის ევროკავშირის ტრაექტორია და არა ევროპის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

„ჩვენები, ქართველები იძახიან, შიგ ევროპაში მივდივართო, შიგ ევროკავშირში მივდივართო, ესენიც კი არ ამბობენ. ანუ, ამათაც აქვთ განსხვავება. ევროპა მკაფიოდ აქტიური არ ჩანს მაგაში, ევროპის ქვეყნები, მაგრამ ევროკავშირი არის, დავუშვათ, უკრაინის ომის მხარდამჭერი და ვხედავთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მხარზე ხელის ტყაპუნით ასევე მხარს უჭერს უკრაინას. პრინციპში, ეს ერთი გუნდი და ერთი ჯგუფია, ერთი ტენდენციის, ერთი იდეოლოგიის და ერთი პარტიაა მთლიანად. ამიტომ, ტრამპისთვის თუ მიუღებელია დემოკრატები, რომლებმაც ტყვია ესროლეს და ყურში მოხვდა, მიუღებელია ესენიც; იქამდე ტრამპი არ იყო ასეთი კატეგორიული და მას მერე, რაც გაიარა ამ დემოკრატების დევნა, სასამართლოები და ა.შ., ჩამოყალიბდა ანტიგლობალისტურ ტიპად, თორემ პირველ ვადაზე კი ჰქონდა ტენდენციები, ოღონდ ასეთი გამწარებული არ იყო. ახლა უკვე მიაჩნია, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაა, ვენსი მოიყვანა იმისთვის, რომ არ მოეკლათ, მე თუ მომკლავთ, აგერ, ვენსი დაგრჩებათო. ანუ, თამაში უკვე იმაზე არ მიდის, რომელი იდეოლოგია ჯობია, თამაში მიდის იმაზე, ვინ დარჩება ცოცხალი და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ტრამპი იძახის, რომ ნატო არ მინდა ამ სახით, ისევე როგორც ევროკავშირი არ მინდა ამ სახით, რადგან ორივე მხარე მისთვის სახიფათო მხარეა. ეს ორივე მხარე დღესაც ჩახუტებულია ომის თემაზე, უკავიათ ეს ომის თემა, რომ მივიდეს ბოლომდე. იქ ბევრი მოტივი არის ალბათ და, შეიძლება, ეს უკვე სხვაა საუბრის თემაა. ბორელი ამ მხრივ არის სწორი, ნუ ვიტყუებთ თავს, ტრამპი არ არის ჩვენი კაციო, თქვა ბორელმა და სწორია, ერთადერთი აზრიანი რაც თქვა, ეს თქვა, თორემ ჩვენთან ხომ გვახსოვს, რომ გვასწავლიდა, ვინ არის ველური. მაგაზე ეტყობოდა, რომ „დიდი დიპლომატია“ და ესეც ნაადრევად თქვა, რადგან ევროპელები აშკარად არ ჩქარობენ იმის თქმას, რომ ამერიკასთან გზები გაყრილი აქვთ. ყველა ცდილობს, ეს საკითხი მიაჩუმათოს და ნახონ, რა მოხდება, ამან კი იჩქარა, დააბერტყა, უსწრებს სული წინ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეკითხვაზე, როგორ აისახება აშშ-ის ნატო-ს მიმართ დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინაზე, საყვარელიძემ განაცხადა, რომ გააჩნია, როგორ გაგრძელდება ბრძოლა.

„ტრამპი თუ დამარცხდა, რაც არ არის გამორიცხული, რადგან ძალიან დიდი ძალებია მეორე მხარეს, მოდის ვენსი და მე ვვარაუდობ, რომ ვენსი უფრო სერიოზული ფიგურა იქნება. ამ თავისი ჯგუფის გაჩენით ტრამპმა, ფაქტობრივად, კონსერვატიზმის ჯგუფი შექმნა, უკვე მარტო ტრამპის პოლიტიკა კი აღარ არის, კონსერვატიული პოლიტიკაა, რომელიც ვენსის გამოსვლაშიც გამოჩნდა, ევროპელებს რომ უქნია ხელი, რას დაემსგავსეთ, თქვე უბედურებოო, თუთაშხიას ვარიანტი. ქვეყნებმა თქვენი სახე უნდა იპოვოთო, ეს არის კონსერვატიზმის ძირითადი პრინციპი ამათ ხელში“,  – განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, რადიკალიზმი ყველაფერში და ყველგან მიუღებელია, მაგრამ იდეოლოგიური რადიკალიზმი არის დღეს წამყვანი ევროპასა და, მათ შორის, ნატო-ში.

„ამის დაბალანსება უნდა ტრამპს სწორედ იმით, რომ გააღვიძოს ევროპულ ქვეყნებში თავის თავში დარწმუნებულობა და გადააქციოს ევროპა დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობად და არა ევროკავშირის ჯარისკაცებად. დღეს ევროპა არის ევროკავშირის ჯარისკაცების ერთობა და ტრამპს უნდა, რომ ევროპული ქვეყნები იყვნენ ევროპული ბრძოლის, პოლიტიკური ბრძოლის მხედართმთავრები. მათ შორის, ეს ეხება ნატო-საც და შეიძლება, საერთოდ ნატო-ს ლიკვიდაცია დადგეს დღის წესრიგში, რადგან ნატო იდგა ამერიკულ ფულზე, ამერიკულ იარაღზე და ტრამპი  თუ აღარ აპირებს ასეთ ქველმოქმედებას, მაშინ ტრამპს აღარ სჭირდება ეს ნატო, თავისთავად ნატო ევროპულ ქვეყნებს ფულს ვერ გამოართმევს და იარაღი და ჯარისკაცები ისედაც ამ ქვეყნებს რაღაც კომიკური რაოდენობა ჰყავთ. ასე რომ, პრინციპში, ამერიკის გარეშე ნატო-ს არსებობა, ტრამპმაც რომ არაფერი უქნას, თავისთავად გაუგებრობა ხდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.