რამაზ საყვარელიძე – საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, მგონი, მიმდინარე სასამართლო პროცესი არა წარსული ცოდვების განკითხვა, არამედ სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების განაღმვის პროცესია
ვფიქრობ, ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესი არ არის „ნაციონალების“ ძველი ცოდვების გამო წამოწყებული პროცესი, უფრო მომავალი ცოდვების პრევენციისთვის არის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ღალატი რომ ფიგურირებს, უფრო მაგან მაფიქრებინა, ამ არეულ მსოფლიოში, რომლიდანაც ერთი ნაწილი პირდაპირ შეტევაზეა ჩვენთან გადმოსული და ამ შეტევის დროს სარგებლობს სწორედ ოპოზიციური პარტიების და „ენჯეოების“ ხან შიდა მასალით, ხან პერსონებით. ფაქტობრივად გამოდის, რომ საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებული, თორემ ოპოზიცია რომ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია და კამათი იყოს, მაგაზე არ არის საუბარი. რეალურად, შევიდა საქართველო იმ მდგომარეობაში, როცა მოგერიება სჭირდება. ევროპის ქვეყნებიდან დამოკიდებულებას ვერ იგერიებ, ფიზიკური ძალა არ გაქვს, მაგრამ იმის საშუალება ხომ მაინც გაქვს, შენი შიდა პერსონები, რომლებიც კვებავენ და ემსახურებიან ევროპელების აგრესიას, არიან ძალიან საყურადღებო“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ოპოზიციურმა პარტიებმა 61 მანდატი მიიღეს და პარლამენტში არ შევიდნენ, რაც, თითქოს გაუგებარი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განცდა, რაც გაუჩნდა, იყო, რომ ეს გარედან მოითხოვეს.
„დასავლეთის ინტერესი იყო, აქ, ქუჩაში ყოფილიყო საპროტესტო პროცესი, პარლამენტში პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ და ა.შ. ანუ, საქართველოს ჰქონოდა იარლიყი, რომ მის ხელისუფლებას აპროტესტებენ. აშკარად იყო ინტერესი, ხელისუფლება შეცვლილიყო და ამ ინტერესს ლოგიკა აქვს, ბრძოლა იყო კონტროლზე – ამ სატრანზიტო გზაზე, ვის ექნება კარების კონტროლი. არ ისვენებს ეს ევროპა, უნდა ეს გასაღები და კონტროლი და ამისთვის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, მიმდინარე სასამართლო პროცესი სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების განაღმვის პროცესია.
„დღეს ყვითელი აჩრდილი დადის მსოფლიოში, ევროპელებმა გადაიანგარიშეს სატრანზიტო ხაზი და სცენარი გააკეთეს საიმისოდ, რომ სულ არ გამოჩნდეს ჩინური თემა, ისე მოხდეს პროცესები. ახლა, რამდენად არის ეს ევროპული პროცესი, თუ რუსეთთან ერთად გაკეთებული პროცესია, არ ვიცი. რუსეთსაც არ აწყობს ჩინური აჩრდილი კავკასიაში, რადგან ეს ჩინური დიდი აჩრდილი, დრაკონი რომ შემოვა, შეიძლება, ხელს წააყოლოს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები. მასეთები წააყოლა ციმბირში. ამდენად, ინტერესების დამთხვევა სწორედ იმ ფიგურებს შორის არის, რომლებთანაც ჩვენ მძიმე ურთიერთობები გვაქვს და ამ ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრთა რაღაც ნაწილი დღემდე რუსული პასპორტებით დადის, რა თქმა უნდა, ხიფათის შემცველია. ანუ, ნაღმების განაღმვის პროცესია ეს სასამართლო პროცესი, არა წარსული ცოდვების განკითხვაა, არამედ მგონი, სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების გაუვნებელყოფის პროცესია ეს სასამართლო პროცესი, გააჩნია, განაღმვისთვის რომელი პარტიების გაუვნებელყოფა იქნება ეფექტური. ვფიქრობ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუვნებელყოფა აღმოჩნდება სამომავლოდ ასეთი მტრული ნაბიჯების ჩაკეტვის შესაძლებლობა, მინიმალურ ვარიანტებზე წავა ეს პროცესი პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა საყვარელიძემ.