რამაზ საყვარელიძე - პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ოპოზიციური მხარე სუსტია,  ქვეყანას კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება
რამაზ საყვარელიძე - პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ოპოზიციური მხარე სუსტია,  ქვეყანას კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება

პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ოპოზიციური მხარე სუსტია და ქვეყანას კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, „რადგან ქვეყანაში პარტიები არ ვარგა, ამიტომ ოპოზიციური პარტიის როლსაც ფაქტობრივად ივანიშვილი ითავსებს, რომელმაც ამის აუცილებლობა იგრძნო“.

„ივანიშვილის ინტერვიუში ღიმილის მომგვრელი ისაა, რომ ივანიშვილს მოუწია თავის თავზე მმართველი გუნდის დამცველის ფუნქციის აღებაც, მისი არქიტექტორის ფუნქციისაც და მისი ოპონენტის. ეს უნიკალური შემთხვევაა ისტორიაში. ეს პრობლემა დგას საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუკი ოპოზიციური პარტიები არ არის, ვერაფრით ვერ ბალანსდება წამყვანი, ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ამ ოპოზიციას სწორედ იმიტომ არ აქვთ რეიტინგი, რომ მათი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას.

ოპოზიციის მთავარი თემა რომ იქნება სად წაიღო ხე საკუთარი ფულით ნაყიდი და გადატანილი ქვეყანაში, სადაც უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, იმ ოპოზიციის შეფასება ანალიზს არ იმსახურებს. ივანიშვილის პოზიციაში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ლოგიკა ჩანს, რომ ყველაფერში მოდებული ერთი პარტია მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს გარეთ, უცხოელებზე და სამართავადაც ძნელია. დამბალანსებელი ძალები უნდა არსებობდეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.