რამაზ საყვარელიძე - პრემიერი წამოწოლილი ხალხის ხათრით გადადგეს, ცოტა ღიმილისმომგვრელია
რამაზ საყვარელიძე - პრემიერი წამოწოლილი ხალხის ხათრით გადადგეს, ცოტა ღიმილისმომგვრელია

ასე უბრალოდ, პრემიერ-მინისტრი წამოწოლილი ხალხის ხათრით გადადგეს და ქვეყნის გამოსავალი ამაში დავინახოთ, ცოტა ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს მდგომარეობას, როცა საპარლამენტო ჯგუფს გადაწყვეტილების გამოტანა არ შეუძლია, ან აღმასრულებელი ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ასრულებს. ასეთი სურათი არ გვაქვს და თუ რამე ცვლილება შეინიშნება, ეს დაძაბულობის შემცირება და უფრო პოზიტიური მოვლენებია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ადამიანის უფლებების სფეროში არის თუ არა ისეთი მდგომარეობა, როგორც ამას რომან გოცირიძე აცხადებს, რამაზ საყვარელიძემ თქვა, რომ ადამიანის მიერ ნათქვამ ყველა ტყუილზე მსჯელობის გამართვა არ შეიძლება.

„იმ ათ წელიწადში სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა დემოკრატიასთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, თვითონ ხომ იციან?! მხოლოდ გამამართლებელი განაჩენების პროცენტი რომ დაითვალო, თვითონ ეს პროცენტი ლაპარაკობს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა. არ შეიძლება, ეს არ ახსოვდეთ, ესეიგი, ტყუიან და როცა ასეთ პარამეტრებში ადამიანი ტყუის, მასთან დიალოგისა და მის მიერ გამოთქმულ პოზიციაზე მსჯელობის სურვილი არ გაქვს. შავზე იტყვის თეთრიაო და მერე უნდა ვიკამათოთ, მართლა თეთრია ეს თუ არა. დღეს აი, ასეთ კომიკურ მდგომარეობაში ვართ. დღეს გახარიას გამოსვლა ძალიან მკაცრი იყო და მე ამ სიმკაცრეს ვეთანხმები“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ამდენი ტყუილის თქმის საშუალება აქვს, ეს ხელისუფლების ბრალია.

„ლაპარაკი დაჭერაზე არ არის, ლაპარაკია დემოკრატიულ მეთოდზე. იმისთვის, რომ სიმართლე მიიღო, აქტიური დისკუსიაა საჭირო. „ქართული ოცნება“ ამ დისკუსიას გამოეთიშა, გულზე ხელი დაიკრიფა და „ნაციონალური მოძრაობა“ მიუშვა. სწორედ ამის გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხელისუფლებას თავისი გუნდისთვის უნდა ებრძანებინა, რომ პასიურები არ ყოფილიყვნენ, მათთან დისკუსიაში, ინტელექტუალურ შერკინებაში ჩაბმულიყვნენ და სიტყვით სიტყვა მოეგოთ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.