რამაზ საყვარელიძე - კეზერაშვილი გინდ გაეცალოს პოლიტიკურ სისტემას, გინდ არა, ბოლოს მოსახლეობა წყვეტს პარტიების ბედ-იღბალს, ის თუ ამ პოლიტიკოსების გვერდით დარჩება, მათთვის ბიულეტენს არავინ გასწირავს
რამაზ საყვარელიძე - კეზერაშვილი გინდ გაეცალოს პოლიტიკურ სისტემას, გინდ არა, ბოლოს მოსახლეობა წყვეტს პარტიების ბედ-იღბალს, ის თუ ამ პოლიტიკოსების გვერდით დარჩება, მათთვის ბიულეტენს არავინ გასწირავს

ვვარაუდობ, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული პროცესების უკან, შესაძლოა, უფრო სერიოზული საქმეებიც იდგეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითად, იარაღით ვაჭრობის ცოდვაც შეიძლება იყოს. არა იმიტომ, რომ პატარა პრობლემაა პენსიონერების გაძარცვა, მაგრამ იარაღით ვაჭრობას დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება, აღმოაჩნდეს დღევანდელ მსოფლიოში. ამიტომ არ არის გამორიცხული, უფრო სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული როგორც დაცვის, ისე გამტყუნების მხარეებად და კეზერაშვილის გარშემო შეიძლება, ძალიან სერიოზული ძალები აღმოჩდნენ. რაღაც ძალები მას ხელს უწყობენ და რაღაც ძალები გააგრძელებენ მის ხელშეწყობას, მაგრამ რაღაც ძალებმა შეიძლება, უფრო მძაფრად დააყენონ საკითხი. ანუ, ეს პროცესის დასაწყისია. მე მაქვს ასეთი ვერსია და თუ გამიმტყუნდება, მხოლოდ გამიხარდება, რადგან ნამდვილად არ მინდა, იარაღით ვაჭრობის ცოდვა საქართველოზე იყოს დაკიდებული. თუმცა ერთი-ორი ადამიანი გვყავს უკვე ამ საქმეში შენიშნული. დავით კეზერაშვილი და თემურ ალასანია არიან თუ არა იარაღთან დაკავშირებული? არიან და ნამდვილად არ გამიხარდება, რომ საქართველოს სურათში ერთ-ერთი შტრიხი იყოს ის, რომ აქ იარაღით ვაჭრობის მსურველები არიან“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი არის უკრაინა-რუსეთის ომი, რომლის ჩრდილშიც ბევრი რამ ხდება, ომი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ იარაღით ვაჭრობა ამოქმედდეს და თავის დროზე, როდესაც ითქვა, რომ დავით კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს, გაუჩნდა კითხვა, ამ მიზნით ხომ არ აპირებდა ის საქართველოში დაბრუნებას.

„რადგან საქართველოб უფრო ადრე, ვიდრე ნავთობის ტრანზიტი იქნებოდა, არალეგალური ტვირთების ტრანზიტად დაინახეს კრიმინალებმა. ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტი აქ ყოველთვის ყვაოდა და ამ შემთხვევაში კეზერაშვილის გამოჩენა ძალიან საყურადღებო იყო. მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრი იყო ადამიანი და მის ხელში ტრიალებდა იარაღი“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ იგივე ევროპარლამენტარები პოზიციებს შეიცვლიან დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, რადგან როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც რეზოლუციაში კეზერაშვილი შევიწროებულ მედიამენეჯერად მოიხსენიეს, „ბიბისის“ გამოძიება ნამდვილი სკანდალია და უნდა იყოს თუ არა საუბარი ამის შესახებ საქართველოს მხრიდან, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ოფიციალური თბილისიდან უნდა იყოს საუბარი ამის შესახებ.

„ჩვენ უბრალო მოვლენაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? პოლიტიკურ პარტიებზეა ლაპარაკი, მოსახლეობამ ამ პოლიტიკურ პარტიებს მანდატი უნდა მისცეს 2024 წელს და ოპოზიცია მოსახლეობას ეუბნება, მანდატი მიეცით კეზერაშვილს, ვისზეც ასეთი რაღაცები ითქვაო? სურათი ისეთია, კეზერაშვილი გინდ გაეცალოს ქართულ პოლიტიკურ სისტემას და გინდ არა, ბოლოს და ბოლოს მოსახლეობა წყვეტს პარტიების ბედ-იღბალს და თუ კეზერაშვილი ამ პოლიტიკოსების გვერდით დარჩება, მათთვის ბიულეტენს არავინ არ გასწირავს. ელექტორატის რაღაც მცირე რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს ხმას, მაგრამ ეს იქნება არა ხელისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლა და მათ ისეთივე პროცენტი ექნებათ და შეიძლება, უფრო ნაკლებიც, როგორც ყველა დანარჩენ დაბალპროცენტიან პარტიებს აქვთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის „ამოშვერილი მწვერვალივით,“ ოპოზიციური პარტიების პოზიციები მეტნაკლებად გათანაბრდა და დანარჩენმა ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებზე ფიქრი უნდა დაიწყოს, რომ მოსახლეობისთვის მიმზიდველი გახდნენ.