რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური გვერდი ვასილ ლობჟანიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს
რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური გვერდი ვასილ ლობჟანიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ნაკრების წევრ ვასილ ლობჟანიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2015 წელს ლობჟანიძე ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა (18 წლის და 340 დღის) მორაგბე გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია.

„2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა“, – ამბობს ქართველი მორაგბე ინტერვიუში. – „საქართველოში ყველამ იცოდა ჩვენი სახელები და განსაკუთრებით ჩემი, რადგან ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა: ცოლი მოვიყვანე და შვილი, ნიკოლოზი შემეძინა. მაშინ დაიბადა, როცა მე იაპონიაში ვიყავი და რომ ვნახე, უკვე 4 დღის იყო“.

სტატიაშე ასევე აღნიშნულია, რომ ლობჟანიძე საკლუბო დონეზე ფრანგულ „ბრივში“ თამაშობს.

„შვილი დიდ მოტივაციას მაძლევს და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ისიც მორაგბე გამოვა“, – ამბობს ვასკა. – „ქართველებს ბრივში ძალიან გვიყვარს შეკრება და დროის ერთად გატარება. ოჯახივით ვართ“.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ბორჯღალოსნების რიგებში ლობჟანიძეს უკვე 45 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ჩემნაირი ახალგაზრდა მოთამაშეები გუნდში ბევრია და სულაც არ ვგრძნობ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო“, – ამბობს ლობჟანიძე.