რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების თამაშებზე მსაჯების ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
8 სექტემბერს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება. უკვე ცნობილია იმ არბიტრების ვინაობა, ვინც ჯგუფური ეტაპის მატჩებს განსჯიან. საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს 9 სექტემბერს სენ დენიში, „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრის რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, მას საქართველოს ნაკრების ხუთი თამაში აქვს ნამსაჯი, მათ შორის ორი თბილისში. პირსს კიდეებიდან ახალზელანდიელი ჯეიმს დოლემანი და უელსელი კრეიგ ევანსი დაეხმარებიან.
23 სექტემბერს ტულუზში საქართველო პორტუგალიას ეთამაშება. მოედნის მსაჯი ახალზელანდიელი პოლ უილიამსია, მისი ასისტენტები ინგლისელები – მეთიუ ქარლი და ქრის ბასბი იქნებიან.
30 სექტემბერს ბორდოში „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ხვდებიან. რეფერი ინგლისელი კარლ დიქსონია, კიდეებიდან კი სამხრეთაფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პიერ ბრუსე დაეხმარებიან. დიქსონი 2018 წელს „ავჭალაზე“ სამოასთან (27:19) მოგებული მატჩის მთავარი მსაჯი იყო.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს ნანტში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. მოედნის მსაჯი ფრანგი მეთიუ რეინალი იქნება. რეინალს კიდეებიდან ახალზელანდიელი ბენ ო’კეფე და ფრანგი პიერ ბრუსე დაეხმარებიან.
რეინალს „ბორჯღალოსნების“ თამაში აქამდე ექვსჯერ უმსაჯია და ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე კარგადაა ნაცნობი. მსოფლიო თასის დაწყებამდე რეინალი „ბორჯღალოსნების“ კიდევ ერთ მატჩს განსჯის – 26 აგვისტოს „მარიფილდზე“ საქართველოსა და შოტლანდიის ტესტმატჩს ფრანგი რეფერი მოემსახურება.