რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები მინიმუმ 10, მაქსიმუმ 30 დღის შემდეგ ჩატარდება.

ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

როგორც ირკვევა, რეგისტრაციაში დელეგატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნების დაწყებამდე საგანგებო განცხადება გაავრცელა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის მიერ განხორციელებული არასამართლიან ქმედებების გამო არჩევნებზე დასწრებას არ აპირებდა. ხურციძეს თავისი კანდიდატურა არ მოუხსნია, თუმცა რეალურად არჩევნებზე ორი კანდიდატი დატოვა.

გოჩა სვანიძის თქმით, ქვორუმი არ შედგა იმის გამო, რომ ზოგიერთი დელეგატი აიძულეს, არჩევნებზე არ მისულიყო, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კი აცხადებს, რომ არჩევნებზე ბევრი დელეგატი მივიდა, თუმცა მათ რეგისტრაცია შეგნებულად არ გაიარეს.

„რომ გაევლოთ რეგისტრაცია, მერე რა? ამით ისინი უბრალოდ თანამონაწილეები ხდებოდნენ ამ უსამართლობის“, – განაცხადა აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, „ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;

ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: „ვანის აიეტი“.