რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა 30 დეკემბერს გაიმართება
რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა 30 დეკემბერს გაიმართება

დღეს, 16 დეკემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა დაესახელებინათ.

„სხდომაზე ვიმსჯელეთ საარჩევნო ყრილობის გამართვის შესახებ. დავასახელეთ თარიღი – 30 დეკემბერი. გამგეობის წევრთა ნაწილმა თავი შეიკავა. ისინი თვლიდნენ, რომ ამ დღეს ჩატარება ნაადრევი იყო. თუმცა ხმების უმრავლესობით ყრილობის გამართვის თარიღად 30 დეკემბერი დამტკიცდა“, – პირველ არხთან საუბრისას განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები რამდენიმეჯერ გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ყრილობა 30 დეკემბერს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.

კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე.