რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე განცხადებას ავრცელებს
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდათი ბაჩო ხურციძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, დღეს იმართება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. სამწუხაროდ, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, რაგბიზე ზრუნვა მთლიანად გვერდზე გადადო და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით არჩევნებში გამარჯვებისთვის დაიწყო მზადება. კერძოდ, დაკავებული იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნით, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით… რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვე დაუსაბუთებელი ხმების გაუქმება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო, თუმცა ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად იგნორირებულ იქნა, ამის გამო არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას. მადლიერება მინდა გამოვთქვა იმ კლუბების მიმართ, რომლებმაც მართლაც გულწრფელად გამომიცხადეს მხარდაჭერა და მოვუწოდო, დღეს გასამართ არჩევნებზე თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება! მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ვისაც გჯეროდათ ჩემი და გვერდში მედექით! ასევე მადლობა ყველას ვინც ჩემი გამოსვლები და სტატიები მოიწონეთ, გააზიარეთ, ან, თუნდაც, არ დაიზარეთ, ნახეთ და წაიკითხეთ. ყველაფერი წინ არის!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, „ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;

ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: „ვანის აიეტი“.