30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ჩატარდება – ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ორგანიზაციის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე.
კანდიდატებმა წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა დაიწყეს. ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ საქართველოს პირველ არხთან იმ მიზეზებზე ილაპარაკეს, რის გამო ამ ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტეს. მათი აზრით, ქართულ რაგბში პრობლემები დაგროვდა.
„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მარტივი მიზეზის გამო გადავწყვიტე – რაგბის კავშირის პროექტები, მუშაობის და მართვის სტილი არ მომწონს. კავშირი სწორედ ამის გამო დავტოვე. შემდეგი 4 წელიც ასე თუ გაგრძელდა, რეგრესი გვექნება. ეს იმ დროს, როდესაც სხვები ვითარდებიან“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბაჩო ხურციძე.
ირაკლი აბუსერიძე: „გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართულ რაგბში ძვრა არაა. მას კი ძირეული ცვლილებები ესაჭიროება, წინ რომ წავიდეს. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ აღმავლობის გზაზე ვდგავართ. ეს არსებული ხელძღვანელობის პირობებში წარმოუდგენელი მეჩვენება“.