რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს #1TVSPORT
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს #1TVSPORT

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რაგბის კავშირის ახლად არჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა.

გამგეობის სხდომაზე მედია არ დაუშვეს, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ გამგეობის წევრებმა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები განიხილეს და ახალ თავმჯომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯომარე 36 წლისაა. სანაკრებო კეპებით „ბორჯღალოსანთა“ რეკორდსმენ კაჭარავას მდიდარი სპორტული კარიერა ჰქონდა. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი და ლიდერი. 2006 წლიდან მან საქართველოს ნაკრების მაისურით 122 თამაში ჩაატარა და „ბორჯღალოსნებს“ 125 ქულა მოუტანა. კაჭარავამ 122-დან 104 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 79 შემთხვევაში მოედნიდან გამარჯვებულმა გავიდა.

კაჭარავა არის ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. თამაშობდა ქართულ, ფრანგულ და რუსულ სარაგბო კლუბებში. კარიერა 2020 წელს დაასრულა. 2020 წლის სექტემბერში Rugbypass-მა მსოფლიო რაგბიში სანაკრებო კეპების რეკორდსმენებში, მსოფლიო რაგბის ლეგენდებში დაასახელა და კაჭარავა TOP 50 ცენტურიონში მოხვდა.

დავით კაჭარავამ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, 2020 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრია.