რაგბის ერთა თასი | საქართველოს ნაკრების ნოემბრის მატჩების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო რაგბმა 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი დაამტკიცა. „ბორჯღალოსნები“ სამ თამაშს თბილისში, „ავჭალისა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე გამართავენ.
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში სამხრეთამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ნოემბრის მატჩების შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 7 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე კანადასთან გამართავს, ერთ კვირაში, ასევე „ავჭალაზე“, ტონგას ეთამაშება, ხოლო აშშ-ის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 ნოემბერი, „ავჭალის“ სტადიონი
18:00 | საქართველო – კანადა
14 ნოემბერი, „ავჭალის“ სტადიონი
18:00 | საქართველო – ტონგა
21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“
18:00 | საქართველო – აშშ
შეგახსენებთ, რომ ივლისში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი (41:34), სამოა (33:12) და ჩილე (49:22) დაამარცხა.