რაგბი | ზურაბ ამონაშვილი - შეცდომები გავითვალისწინეთ და მოვიგეთ #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთის ნაკრები 20:19 დაამარცხა. ფრანგებთან მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა შეაფასა:
„ეს გამარჯვება იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც ერთმა მაღალი დონის თამაშმა მოგვიტანა. შოტლანდიასთან წაგებული მატჩის (14:22) შემდეგ აღვნიშნე, რომ უკეთესი შედეგისთვის გამოცდილება დაგვაკლდა და ფაქტი სახეზეა – იმ მარცხმა კი არ დაგვთრგუნა, პირიქით, გაგვაძლიერა, შეცდომები გავითვალისწინეთ და მოვიგეთ.
შოტლანდიასთან უფრო მეტი ვიბრძოლეთ, ვიდრე ვითამაშეთ, საფრანგეთთან კი ორივე ერთად იყო, ამ მატჩისთვის მენტალურად უკეთ მომზადებული აღმოვჩნდით. შეცდომები გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ.
მინდა, მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბსა და ბიჭებს თავდადებული შრომისთვის. აქ ყველამ აღნიშნა, რომ კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ. ბედნიერებაა, როდესაც ამის მონაწილე ხარ.
7 აპრილს ინგლისთან თამაშია, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. მთავარია, სწრაფად მოხდეს ენერგიის აღდგენა და ძალების გადანაწილება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესები გავმხდარიყავით და ვფიქრობ, ამისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ვიმედოვნებ, გასულ თამაშებში მიღებული გამოცდილება ინგლისთან შეხვედრაშიც დაგვეხმარება“, – განაცხადა ზურაბ ამონაშვილმა.