რაგბი | ვიტო კოლელიშვილი – ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ იტალიაზე უკეთესი გუნდი ვართ #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 13 ივლისს ქუთაისის „აია არენაზე“ მსოფლიო თასის მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩს იტალიის 20-წლამდელთა გუნდთან გამართავს.
მატჩამდე უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ქუთაისში კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვიტო კოლელიშვილმა და მორაგბეებმა ლუკა ნარსიამ და დავით ბარბაქაძემ მომავალ მატჩზე ისაუბრეს.
ვიტო კოლელიშვილი: „მატჩამდე კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. იტალიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის, მოლოდინები, რა თქმა უნდა, დიდია და თუ ჩვენი სათამაშო პროცესი სწორად წარიმართა, ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ.
იტალიასთან მატჩი მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული რაგბის განვითარებისთვის. იტალია ისეთი კონკურენტია, რომელსაც ყოველთის ვეჯიბრებით და ამჯერადაც ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ.
ლუკა ნარსია: იტალიის ნაკრებთან მატჩი მნიშვნელოვანია. მათთან შარშან ფრედ ვითამაშეთ და ჯგუფიდან ვერ გავედით. რთულ თამაშს ველით, აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ, კარგად მოვემზადეთ და მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ. ქუთაისში რაგბი ძალიან უყვართ. თამაში „აია არენაზეა“, ველოდებით, რომ ბევრი ქომაგი მოვა და მხარს დაგვიჭერს.
დავით ბარბაქაძე: „მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაბალანსებული და ლამაზი თამაში გამოვიდეს, იტალიასთან ნებისმიერი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
საქართველოსა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების მატჩი „აია არენაზე“ 13 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.