რაგბი | ვანო კარკაძემ და ლუკა მატკავამ „ოიონასთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა, ვანო კარკაძემ და ლუკა მატკავამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერთან, „ოიონასთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივეს და გუნდში 2029 წლამდე დარჩებიან.
კარკაძე და მატკავა „ოიონაში“ 2025 წელს გადავიდნენ. გუნდში მათთან ერთად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე – ვასილ ლობჟანიძე თამაშობს.
ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი კლუბის სპორტულმა მენეჯერმა, ფაბიენ სიბრემ გააკეთა:
„კარკაძე და მატკავა გუნდისთვის უდიდესი ძალაა და მოხარულები ვართ მათთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით. კარკაძე გუნდს ადვილად შეეწყო და TOP 14-სა და საერთაშორისო დონეზე დაგროვებულ გამოცდილებას ახლა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იყენებს. მან სტანდარტულ სიტუაციებში გუნდის თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სეზონში ლუკა მატკავას თამაშით. თავიდანვე გვჯეროდა მისი და გვინდოდა, ადაპტაციისთვის საკმარისი დრო მიგვეცა. მიმდინარე სეზონში მატკავა აჩვენებს თავის ნიჭს შეტევების ორგანიზებაში და სიზუსტეს – კარში დარტყმისას“.
მიმდინარე სეზონში კარკაძემ „ოიონას“ შემადგენლობაში ორ ლელო დადო. მატკავას ანგარიშზე კი ოთხი ლელო, 30 გარდასახვა და 13 ზუსტად შესრულებული საჯარიმოა – ჯამში, მისი მონაგარი 119 ქულაა.