რაგბი | ურუგვაისთან მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – მოგების შემთხვევაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
საქრთველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 7 ივლისს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ურუგვაისთან გამართავს და მოგების შემთხვევაში მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება.
გასულ ორ ტურში ურუგვაი სამხრეთ აფრიკასთან 7:104 დამარცხდა, ხოლო უელსთან – 0:47. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქართველმა მორაგბეებმა უელსთან მატჩში მინიმალური სხვაობით 24:25 დათმეს და ორი ბონუსქულა მოიპოვეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 5:33 წააგეს.
ურუგვაისთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ვიტო კოლელიშვილის ხელმძღვანელობით. 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სათადარიგოები (საქართველო): 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დავით არობელიძე
სათადარიგოები (ურუგვაი): 16. ხოსე კანდია სკირია, სებასტიან დალმაო რივერო, ხუან მანუელ საგარიო, ნიკოლას მატსონი, ორიქ კირკი, ბატეო იბარბურუ, ვისენტე ალვარესი, ბაუტისტა მენჩაკა.
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა – ორი ხაზში და ხუთი შერკინებაში.
მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურდნენ ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, ანდრია ბილანიშვილი და ირაკლი ყოლბაია, ხოლო გაბრიელ რაზმაძე უელსთან მატჩის შემდეგ განაცხადში ბრუნდება.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს საბა ნატროშვილი, ჰავბეკად კი თემურ ძოძუაშვილი ბრუნდება. ამჯერადაც პირველივე წუთებიდან ითამაშებენ მათე მახარაძე, დავით ბარბაქაძე, დათა ახვლედიანი, ლუკა ტაბატაძე და ნიკოლოზ ხალვაში.
ურუგვაისთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქუთაისში გადაინაცვლებს და პლეიოფის მატჩებს „აია არენაზე“ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფების გამარჯვებულები ტიტულისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ, მეორადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის შეერკინებიან ერთმანეთს, მესამეადგილოსნები – მე-9 მე-12, ხოლო ბოლოადგილოსნები მე-13 მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.