რაგბი | ურუგვაისთან ერთა თასზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება – პიერ-ანრი ბრონკანმა სადებიუტო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 4 ივლისს მონტევიდეოში ურუგვაისთან მატჩით მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს (ერთა თასი) იწყებს – მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ურუგვაისთან მატჩი სადებიუტო იქნება „ბორჯღალოსნების“ ფრანგი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრინკანისთვის, რომელმაც სამხრეთამერიკელებთან თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დასახელა.
სასტარტოში ერთი დებიუტანტია – ფრთაზე თამაშს „შავი ლომის“ მორაგბე რომა მახათაძე დაიწყებს, ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება. 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებს კონსტანტინე მიქაუტაძე უბრუნდება, რომელიც ურუგვაისთან სასტარტოში იქნება.
ურუგვაისთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება, რომელიც ამჯერად ცენტრში ითამაშებს, სადაც გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე კი ლუკა ცირეკიძე დადგება, ხოლო ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ურუგვაისთან:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.

ახალი ფორმატი
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ;
B ჯგუფი: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრების დროს გაიმართება. მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
4 ივლისი, მონტევიდეო, 21:00 | ურუგვაი – საქართველო
11 ივლისი, ვინა დელ მარი, 23:00 | სამოა – საქართველო
18 ივლისი, სანტიაგო, 23:00 | ჩილე – საქართველო
2030 წელს, დივიზიონებს შორის ასვლა-დაქვეითების თამაშები იგეგმება, რაც ერთა თასის მოწინავე გუნდებს, მომდევნო 4-წლიან ციკლში 12 მოწინავეს შორის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.