რაგბი | ტონგასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტონგასთან ნოემბრის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრამდე ერთი დღიყ ადრე „ბორჯღალოსნებმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა „ოლ ბლექს XV“-თან (13:31) და იტალიასთან (17:20).
„წინა თამაშებში პოზიტიური მომენტი ის იყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეტოქე, საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის, რაც ძალიან დასაფასებელია და დიდი ენერგიით გვმუხტავს.
ტონგასთან ვეცდებით, აღარ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც წინა მატჩებში დავუშვით. გასული ორი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თბილისში ვთამაშობთ და საკუთარი ქომაგების წინაშე თამაში ჩვენთვის ყოველთვის დიდი მოტივაციაა.
საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე არის ის, რომ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ, ვცდილობთ, ერთმანეთის შეცდომები გამოვასწოროთ.
ტონგა ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ძალისმიერ რაგბის თამაშობს. მათი რამდენიმე მოთამაშე საფრანგეთის TOP 14-ში გამოდის, ჰყავთ მორაგბეები ზერაგბიდან.
წინა თამშების შემდეგ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და იმედია, საკუთარ მოედანზე გავიმარჯვებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა.