რაგბი | შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელებმა თანამდებობა დატოვეს #1TVSPORT
რაგბი | შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელებმა თანამდებობა დატოვეს #1TVSPORT

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ბესიკ ხამაშურიძემ და მისმა ასისტენტმა, გია ლაბაძემ თანამდებობა დატოვეს.

ვეტერანი „ბორჯღალოსნები“ გუნდში 2021 წლიდან მუშაობდნენ და განვლილი ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპზე, საქართველომ 1/4-ფინალში ესპანეთი (24:12), ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთი (14:7) დაამარცხა, ხოლო ფინალში ირლანდიასთან (10:19) დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

ხამაშურიძისა და ლაბაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შვიდკაცამ 2022 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერის გათამასებაში მეითხედფინალში ჰონკონგს (19:14), ნახევარფინალში კი მასპინძელ ჩილეს (31:14) მოუგო, ფინალში კი ურუგვაის  შეხვდა, 5:19 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდმა ჩელენჯერის სერიის შესარჩევი ეტაპი წარმატებით კიდევ ორჯერ გადალახა და მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში 2024 და 2025 წლებშიც ითამაშა.

იყო სხვა წარმატებებიც, როგორიცაა ერთხელ დუბაის ტურნირში გამარჯვება და ერთხელ ფინალში გასვლა.

„დიდი მადლობა რაგბის კავშირის ნდობისთვის. ვფიქრობ, ყველას დავანახეთ, რომ წარმატების მიღწევა შვიდკაცა რაგბიშიც შეგვიძლია. სამწუხაროდ, დასახულ მიზანს – ოლიმპიადაზე და მსოფლიო სერიაზე გასვლას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ახლაც მიგვაჩნია, რომ ნაკრებს ამის პოტენციალი აქვს და წარმატებას ვუსურვებთ. გვჯერა, საქართველოს შვიდკაცა ამ ამოცანას შეასრულებს და ეს თუ ჩვენს გარეშე მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გია ლაბაძემ.